„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის გაუქმების ინიციატივას მისასალმებელს უწოდებს.
გაბუნიას თქმით, სასიამოვნოა იქნება, თუ ხელისუფლება ერთიანი ქვითრის გაუქმების თაობაზე “ქრისტიან-დემოკრატებისა” და თბილისის მოსახლეობის 70%-ის მოთხოვნას, გაითვალისწინებს.
„ქრისტიან-დემოკრატები“პირველები ვიყავით, ვინც სასამართლო დავა და პოლიტიკური კამპანია წამოვიწყეთ ერთიანი ქვითრის წინააღმდეგ და ახლაც პირველები ვიქნებით, ვინც მხარს დაუჭერს ერთიანი ქვითრის გაუქმების საკითხს, თუ საკრებულოს უმრავლესობა განცხადებიდან საქმეზე გადავა”- განაცხადა გაბუნიამ.
დეპუტატის განმარტებით, ცალკე განსახილველი საკითხია მმართველი პარტიის ინიციატივა, რომლის თანახმად, კომუნალური გადასახადის გადახდა საცხოვრებელის კვადრატულობის მიხედვით მოხდება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გასარკვევია, გადასახადის ახალი ფორმულა მოქალაქეებს კომუნალურ ხარჯებს რამდენად შეუმცირებს, ხოლო თუ აღნიშნული წესით გადახდა მოქალაქეს ნაკლებ გადასახადს დააკისრებს, ვიდრე ის ერთიანი ქვითრის პირობებში იხდიდა, მაშინ „ქრისტიან-დემოკრატები“ ხსენებულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის შესაძლო გაუქმების შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა კოკი იონათამიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა. მისი თქმით, დასუფთავების გადასახადის ტარიფი შესაძლოა, მოხმარებული ელექტროენერგიის ნაცვლად, საცხოვრებელი ფართის ზომის მიხედვით განისაზღვროს.

















