საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების
ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელების“ ხელმძღვანელს გოჩა მაღლაკელიძეს, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის „მადლობის სიგელი“ გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ანსამბლის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა შეისწავლონ ქართული ფოლკლორული ცეკვა და კულტურა, ასევე შეინარჩუნონ ქართული ეროვნული იდენტობა. „იბერიელების“ შემადგენლობაში 50 ქართველი ემიგრანტი ბავშვია, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში, საქველმოქმედო კონცერტებში და ქართული დიასპორული ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში.
ანსამბლის ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით, 2018 წლის ივნისში ანსამბლმა კონცერტები გამართა თბილისში, ბათუმსა და საქართველოს რეგიონებში.
ანსამბლი „იბერიელები“ 2013 წელს, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ მენვილში „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან“ ქართული დიასპორის აქტიური მოთხოვნის შედეგად, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის მეუფე საბას კურთხევით დაფუძნდა.

















