პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია
პუგლისსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, გივი მიქანაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ, კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლასა და რეგლამენტის პროექტზე, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიური მუშაობა მინდინარეობს. მისივე განმარტებით, ახალი რეგლამენტი პარლამენტის, როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანოს გაძლიერებას და მისი საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის აპარატში მიმდინარე იმ რეფორმებსა და აქტივობებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პარლამენტის გაზრდილი ფუნქციების განხორციელებას.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში და მის პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელმაც მოწვეული ექსპერტების მეშვეობით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, გასულ კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ტრენინგები ჩაატარა საბიუჯეტო-ფისკალურ საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „გამოიკვეთა მზაობა და განსაკუთრებული აქცენტები, რომლითაც ნატოს სამეკავშირეო ოფისი გეგმავს პარლამენტისთვის მხარდაჭერის გამოხატვას და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა პარლამენტის აპარატის უფროსს, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. გივი მიქანაძის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტზე, რომელიც განხილვის სტადიაშია და რომელიც საკანონმდებლო ორგანოს სამი მიმართულებით ხელშეწყობას ითვალისწინებს. „პროექტი ორიენტირებულია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების ხელშეწყობაზე. ამ კუთხით, ნატოს სამეკავშირეო ოფისს გეგმა აქვს, ხელი შეუწყოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხების მიმართ უნარების განვითარებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საზედამხედველო ფუნქცია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისი ინფორმაციით, დაიგეგმება გაცვლითი ვიზიტები, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან დეპუტატების ჩამოსვლას, რათა მათ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზე თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ქართველ კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფები ეწვევიან ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ადგილზე გაეცნობიან, თუ როგორ ახდენენ კონკრეტულ პარლამენტებში მათი კოლეგები საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას. „მისასალმებელია და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტთან ასეთი აქტიური და მრავალმხრივი თანამშრომლობით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა დააფიქსირა აღნიშნული პროგრამების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის სრული მზაობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი პროგრამების განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პარლამენტისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის.

















