მმართველი გუნდის, გიორგი ხატიძს განცხადებით, გუბერნატორების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა
ერთი რომელიმე სამინიტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის გამოყოფა და მისი გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში სწორი გადაწყვეტილებაა.
„გუბერნატორების, როგორც რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით ხდება ცენტრალური ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის დაყვანა ადგილობრივ დონეზე. გუბერნატორების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს არა ერთი რომელიმე სამინიტროს, არამედ მთავრობის მეთაურის მიერ. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რეგიონული პოლიტიკის კომპონენტის გამოყოფა და მისი გადატანა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში სწორი გადაწყვეტილებაა, რაც გააუმჯობესებს ცენტრსა და რეგიონებს, და პირიქით რეგიონებსა და ცენტრს შორის კავშირსა და კოორდინაციას, და მთლიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობას. ასეთი სტრატეგია გამომდინარეობს დღევანდელი საჭიროებებიდან, რომ ცენტრსა და რეგიონებს შორის კოორდინაციაში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონების ეკონომიკური განვითარების კუთხით, ჩართული იყოს არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. რაც შეეხება ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარის წარდგენას, ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის შვილია და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რაც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას რეგიონებში. მას უშუალო შემხებლობა აქვს რეგიონებთან და კარგად იცის ის გამოწვევები, რაც რეგიონებშია. მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ახალი სამსახური ეფექტიანი იქნება, გაუმჯობესდება კოორდინაცია და რეგიონების ეკონომიკური განვითარება“- განაცხადა ხატიძემ.

















