პარლამენტის წევრის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და
ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ადასტურებს ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარ მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია დააჩქაროს და მეტად მრავალფეროვანი გახადოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები და ყველა გზავნილი ადასტურებს ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარ მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ნატო-ს სამიტის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც თვითონ ნატოს სამიტის შედეგები ასახავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების კონტექსტში. დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“- განაცხადა ქაცარავამ.

















