მმართველი გუნდის წევრმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს საკუთარი განცხადების გამო მოუბოდიშა.
საქმე ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას ეხება, სადაც დეპუტატი „ქართულ ოცნებას" კომპარტიასთან აიგივებს.
გედევან ფოფხაძის თქმით, ის ცდილობს იყოს შუამავალი პარტიასა და დავით ჭიჭინაძეს შორის, რადგან მისი თქმით, გუნდურობა მნიშვნელოვანია.
„ბოდიშს ვიხდი ამ ფრაზის გამო. ვსთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ მომიტევონ ეს ციტატა, ემოციური იყო. მინდა შუამავლის როლი ვითამაშო ამ ვითარებაში. თავის დროზე ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ არ უნდა წავიდე „ქართული ოცნებიდან“ და რომ გუნდურობა და ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია. მეც ვაპირებ ვესაუბრო დავითს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა, პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს და ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს. თუ რამე წყენა აქვთ ბატონ დავითთან, ამაზე გუნდის შიგნით უნდა ვისაუბროთ“- განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავით ჭიჭნაძის გარიცხვის შესახებ განცხადება გაავრცელა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

















