საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე მიღებულ დასკვნით დოკუმენტს პოზიტიურად აფასებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2012 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დასკვნითი დოკუმენტის მიღებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. ეს დოკუმენტი კარგად მეტყველებს უკანასკნელ დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ინტენსიფიკაციაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ევროკავშირი დასკვნით დოკუმენტში მზადყოფნას გამოხატავს გააგრძელოს აქტიური ჩართულობა საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების და სტაბილიზაციის საქმეში, აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს, ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთი აგრძელებს მილიტარიზაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

















