პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ელჩების განცხადებას მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით პოზიტიურ შეფასებად მიიჩნევს.
ელჩების მუშა ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატს აერთიანებს, ხელისუფლებას „must carry“-სა და „must-offer“-ის ვალდებულების არჩევნების შემდგომ პერიოდში გავრცელების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებს.
„must carry“–ს ვალდებულების დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე საკაბელოს ან ტელევიზიას ვალდებულება აქვს მაშინვე შეწყვიტონ ერთმანეთთან მოლაპარაკება“ – აღნიშნა დღეს დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, როდესაც ტრანზიტის ვალდებულება დასრულდება, ხელისუფლება ხელს შეუწყობს და წაახალისებს ყველა საკაბელო მაუწყებელსა და სატელევიზიო არხს, რომლებიც თანამშრომლობას გააგრძელებენ.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, თუ საკაბელოები და ტელეარხები მოახერხებენ სტაბილურ, გრძელვადიან კომერციულ ინტერესზე დამყარებულ შეთანხმებას, ეს კარგი იქნება მათთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
მიმდინარე კვირაში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს განხორციელონ ყველა იმ ლიცენზირებული ტელეარხის ტრანზიტი, რომელიც მოსახლეობის არანაკლებ 20%–ზე მაუწყებლობს. აღნიშნული ვალდებულება არჩევნების წინა დღეს შეწყდება.

















