პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე შეკრება აღარ მოუწევს.
როგორც დღეს პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს.
„ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ საშემოდგომო სესია არ იქნება, იმიტომ, რომ თუ არჩევნები ოქტომბრის პირველ დეკადაში დაინიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, რეგლამენტიდან გამომდინარე, საშემოდგომო სესიის სხდომები აღარ გვექნება“ – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ სესია მაინც გაიმართება, ქუთაისში გადასვლის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ახალ შენობაში სესიის ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
მან დღეს განაცხადა, რომ პარლამენტი გადასვლის პროცესშია და გადაბარგების შრომატევადი სამუშაო მიმდინარეობს.

















