ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატებიდან 50%-ც ვერ გაიმარჯვებს.
როგორც ცინცაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა ახალი სახეები არიან, რომლებიც კოალიციისთვის შეიძლება „ორლესულ მახვილად“ იქცნენ, რადგან მათ შერჩევაში თბილისური ნიუანსები არ არის გათვალისწინებული.
„რამდენიმე კანდიდატი ნამდვილად კონკურენტუნარიანია, მათ შორის დავით უსუფაშვილი, ასევე თეა წულუკიანი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, მაგრამ უმრავლესობა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. თუნდაც შოთა ხაბარელის კანდიდატურის დაყენება გორში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ვიდრე თბილისში“ - მიაჩნია ცინცაძეს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების გუნდს არ შეიძლება სუსტი ეწოდოს, თუმცა, კოალიციის რესურსის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს უფრო პოპულარული კანდიდატები უნდა შეერჩია.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების შერჩევა არასწორად მოხდა და თინა ხიდაშელი თბილისში უფრო კონკურენტუნარიანი იქნებოდა, ვიდრე საგარეჯოში.
„იგივე შეიძლება ითქვას საგანელიძეზე, შავიშვილზე, შარტავაზე, რომლებსაც პოლიტიკაში მეტი გამოცდელება და ბრწყინვალე წარსული აქვთ. მათი პროპორციულ სიაში ჩასმით კი, ამ ადამიანების პოლიტიკური რესურსი გამოუყენებელი რჩება. „ქართული ოცნების“ მონაცემთა ბანკის გათვალისწინებით ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილმა იდეალური სელექცია განახორციელა და მეეჭვება, რომ ამ სიიდან 50%-მა მაინც გაიმარჯვოს“ - აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე თქმით, კოალიციის მიერ დასახელებული ახალი საახეები ბრძოლისუნარიანები არ არიან.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისის და საქართველოს ექვსი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

















