გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა მათე კობახიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, კოალიციის აქტივისტები - ცოტნე შენგელია, კახაბერ გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სადაც მათზე ზეწოლა ხორციელდება.
ადვოკატის ცნობით, ცოტნე შენგელია და კახაბერ გოგიაშვილი თელავისა და საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში შიმშილობენ.
„დაკავებულები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ კოალიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ“ - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ გოგიაშვილს საგარეჯოს იზოლატორში განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
ადვოკატის თქმით, გოგიაშვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ხშირ შემთხვევაში, არ აძლევენ ძილისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს, პროკურატურას და უწყებათაშორის კომისიას.
„ვაპირებთ მივმართოთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც, რათა ამ სამი პირის მიმართ ზეწოლის ფაქტით დაინტერესდნენ“- განაცხადა კობახიძემ.
კარალეთში „ქართული ოცნების“ წერვებს, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება 11 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავა, რომელთაგან 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივეს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

















