საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია
საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ აყალიბებს.
მისივე განცხადებით, მმართველი პარტია, ასევე, ცდილობს სახელმწიფოს დემოკრატიულ ფასეულობებს ძლიერი საძირკველი შეუქმნას.
“პირველ რიგში, მივესალმები იმ განსხვავებულ და უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტს, როცა სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის, თავდაცვის და შსს-ს შესყიდვებზე. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ამავე დროს, ჩვენ ვყალიბდებით სამართლებრივ სახელმწიფოდ, ჩვენი ცხოვრების წესია კანონის უზენაესობა და ამ, და გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით, ვცდილობთ, ძლიერი საძირკველი შევუქმნათ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ ფასეულობებს.
ჩვენი ოპონენტებისგან არ გამკვირვებია მათთვის ჩვევად ქცეული პოლიტიკური სპეკულაციები. დიახ, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა, როცა როგორც შევეჩვიეთ, ისინი ან ვერ ერკვევიან საკითხში და კამერებთან განცხადებები წინ უსწრებს საკითხში გარკვევას, ან ასევე ჩვეულად, ერთი დღის შავი პიარის ნიუსში მონაწილეობისთვის, ერთმანეთს ასწრებენ. არადა, რომ გაერკვიონ ხოლმე საკითხებში, ცუდი არ იქნება - კრიტიკის პარალელურად, ეს მათი ვალდებულებაა“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილი ძალოვანი სტუქტურების შესყიდვების შესახებ გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ტელეეთერით გასულ სიუჟეტს ძალოვანი სტრუქტურების შესყიდვების შესახებ, რასაც თავდაცვის სამინისტრომ ძალიან ნათელი და მკაფიო პასუხი გასცა ფაქტებზე დაყრდნობით.
1. სიუჟეტში დასახელებული კომპანია მონაწილეობას იღებდა ღია ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა, რადგან უკეთესი პირობები დადო და კანონმდებლობით, არავის აქვს უფლება მას მოგებული ტენდერი გაუუქმოს. თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ხელმძღვანელობას არ და ვერ ეცოდინებოდა, ვინ იღებს ღია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას და ვერ და არ გააკონტროლებდა ამ პროცესს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენს ოპონენტებს ეს უკვირთ, მაგრამ ეს არის კანონის უზენაესობა , ეს არის კონკურენტული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა.
2. ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა დაუკავშირონ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობას და გააჩინონ საზოგადოებაში ეჭვი, თითქოს ეს ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, მორიგი ტყუილი და სპეკულაციაა. ამ კომპანიებს არ აქვთ დაშვება საიდუმლო შესყიდვებთან და ვერ მიაწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება, რაიმე სახით საფრთხის შემცველი იყოს უწყებისთვის.
და ბოლოს, არ მინდა ვინმეს მმართველობას შევედარო, მერწმუნეთ, ისეთები მახსენდება, შედარებაც კი მრცხვენია, მაგრამ გირჩევთ, მოეშვათ სპეკულაციებს და სანამ კომიტეტზე ვინმეს დაბარებას მოითხოვთ, ჯერ ამ კომიტეტის სხდომებს დაესწარით ხოლმე მაინც” - განაცხადა სესიაშვილმა.

















