დევნილებმა და „ატსტუპნიკებმა“ დღეს საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით, თბილისის მერიასთან აქცია გამართეს და მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრა მოთხოვეს.
„ჩვენ გვაინტერესებს თბილისის მერიის პოზიცია ბინათმოსარგებლეების პრობლემების მოგვარების შესახებ, ამიტომაც მოვითხოვთ მერისგან ჩამოვიდეს, შეხვდეს დევნილებსა და ატსტუპნიკებს და მათი პრობლემებით დაინტერესდეს“ - განაცხადა პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ, რომელიც აქციის ორგანიზატორია.
აქციის მონაწილეებს თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი მალხაზ ტუნელაური შეხვდა.
ტუნელაურის განცხადებით, მერია იცავს როგორც ატსტუპნიკების, ასევე, ბინათმესაკუთრეების უფლებებს.
„ატსტუპნიკები მოითხოვენ, რომ ბინები საჯარო რეესტრში დაურეგისტრირდეთ. თბილისის მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ დაცული უნდა იყოს როგორც ატსტუპნიკების, ასევე, ბინათმოსაკუთრეების უფლებები“ - განაცხადა ტუნელაურმა.
იგივე მოთხოვნით აქცია მერიასთან მომავალ კვირაშიც გაიმართება.
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 8 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

















