პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტარაჰარუ
უეჰარა მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გივი მიქანაძემ იაპონელ დიპლომატს პარლამენტის აპარატის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო და უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. პარლამენტის აპარატის გაძლიერების მიმართულებებზე საუბრისას, მან, ასევე, ისაუბრა საგანმანათლებლო და კვლევით სფეროებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო ფორმატებზე და იაპონიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ტარაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, რომ პარლამენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციაა და მისი წარმატებული საქმიანობა მნიშვნელოვნად უკავშირდება პარლამენტის აპარატის გამართულ მუშაობას. აპარატის უფროსმა იაპონელ დიპლომატს პარლამენტის აპარატის გაძლიერების პროცესში ჩართვა შესთავაზა და პარლამენტში საგამომცემლო ცენტრის - მცირე ფორმატის სტამბის დაფუძნების საკითხის თაობაზე კონკრეტული წინადადება წარუდგინა.
პარლამენტის აპარატის უფროსის და იაპონიის ელჩის შეხვედრას აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და იაპონიის საელჩოს თანამშრომლებიც დაესწრნენ.

















