ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სტიქიის შედეგად, კახეთის რეგიონში
არსებული ელექტროენერგიის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, თელავში ელექტროენეგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
მისი თქმით, თელავის ქუჩებსა და რაიონის სოფლებში ყველა ელექტროგადამცემი ბოძი წაქცეულია. მათი რაოდენობა დაახლოებით 280-ს შეადგენს.
„დაახლოებით, 2-3 დღე დაგვჭირდება, რომ ელექტროენეგიის მიწოდების მხრივ მთელი კახეთი ნორმალურ რეჟიმში ჩადგეს. რაც შეეხება გაზმომარაგებას, იგი სოფლებში კურდღელაური, შალაური, ლისისხევსა და კონდოლშია შეწყვეტილი. გაზსადენები მთლიანად დაზიანებულია სოფლებში - აკურა და ვაჩნაძიანი. შესაბამისად, შევეცდებით, რომ ხვალ დღის ბოლომდე გაზმომარაგება მთლიანად აღდგეს“ - აღნიშნა ხეთაგურმა.
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, თელავში წყლის სათავე ნაგებობებია დაზიანებული.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის წყალმომარაგების აღდგენა სამუშაოების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სტიქიის შედეგად, თელავის საავადმყოფოებს სხვადასხვა დაზიანებებით 15-მა მოქალაქემ მიმართა.
სტიქიის შედეგად, კახეთის რეგიონში ელექტროენეგიის გარეშე 60 000-მდე აბონენტი დარჩა. მარტო თელავის რაიონში 25 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული ხაზების აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად 8 ბრიგადა ჩამოყალიბდა, რომლებიც სიტუაციას ადგილზე სწავლობენ.

















