საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის ხაზგასმის მიზნით ლიეტუვის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია ერთხმად მიიღო.
რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მასში საუბარია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია. აღნიშნულ რეგიონებში განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა.
აღნიშნული რეზოლუციით, სეიმი აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

















