საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, მთავრობაში
სტრუქტურული ცვლილებების ძირითადი მიზანი არა ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობისა და ოპერატიულობის გაზრდაა.
მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად სახელმწიფო უწყებების მმართველობითი ხარჯები დაიზოგება.
„ამ ცვლილებების განხორციელების ძირითადი მიზანი არის ეფექტურობა, ოპერატიულობა, კოორდინაცია, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ხალხის სახლში გაშვება. ის კადრი და რესურსი, რომელიც პროფესიონალია, სახელმწიფო აპარატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საბიუჯეტო ხარჯები იქნება დაზოგილი. ეს არაა ადამიანების სახლში გაშვების ხარჯზე გათვლილი, არამედ ესაა მთლიანად იმ გაცხადებული პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიუროკრატიის მმართველობითი ხარჯები იქნება დაზოგილი. ეს მოხდება როგორც კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გზით, ასევე ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის საკითხებით“- განაცხადა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10 სამინისტრო და ერთიც სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

















