საქართველოს პარლამენტის აპარატს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის (სდსს) სასწავლო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ნოტარიუსთა პალატას გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და სდსს-ს სასწავლო ცენტრის უფროსმა ირაკლი ფოჩხუამ მოაწერეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების ხელშეწყობის გზით ურთიერთთანამშრომლობაა.
„სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაცია, კოორდინაცია და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა იცოდნენ ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი, რათა კიდევ უფრო მეტად გავითავისოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თანამშრომლობის მემორანდუმი, ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს და შესაძლებლობას მოგვცემს ურთიერთმხარდაჭერით, ის რესურსები, რაც ჩვენს უწყებებში არის, ერთმანეთს გავუზიაროთ და ერთობლივი განხილვები, სასწავლო პროგრამები და პროექტები განვახორციელოთ“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა მემორანდუმის ხელმოწერამდე გამართული შეხვედრისას.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ორ თვეში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 11 სასწავლო დაწესებულებასთან გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.
„ივნისმა გვაჩვენა, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ პირველი შედეგები უკვე გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს შემთხვევაშიც ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა ნოტარიატის პალატის გამგეობის თავმჯდომარეს მარიკა გოგოლაძეს და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს ინგა ქომეთიანსურთიერთთანამშრომლობის მზაობისთვის.
„ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა კიდევ უფრო მეტ პოზიტივს შემოიტანს ამ ურთიერთობებში. დღევანდელი მემორანდუმიც შექმნის იმის საფუძველს, რომ ურთიერთობები უფრო რეგულარულ დონეზე და ინტენსივობით წარიმართოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ, მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსთა პალატის როლზე, ფუნქციებზე, განვითარების ეტაპებზე და საქართველოში ნოტარიატის მოწყობის მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

















