კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იქნება, ვაკეში - ადვოკატი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე, საბურთალოს რაიონში - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კრწანისის რაიონში სპორტსმენი შოთა ხაბარელია, ისანში - „ქართული აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუკრი ქანთარია, სამგორში - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, თბილისი საკრებულოს წევრი - ვიქტორ დოლიძე, ნაძალადევში - „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი, გლდანში - მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი და დიდუბეში - ვახტანგ ხმალაძე.
დღესვე, ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს 6 რეგიონშიც დაასახელა, კერძოდ, ამბროლაურში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს დავით დარახველიძე იყრის, საგარეჯოში - „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, წალენჯიხაში - გიორგი ნაჭყებია, მარტვილში - მურთაზ ხურცილავა, ხონში - ნიკა სანოძე, ჭიათურაში - მალხაზ წერეთელი.

















