გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის
თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.
საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს კონვენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ასევე კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კონვენცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე, 2001 წლის 21 მარტს, ლონდონში იქნა მიღებული. იგი ადგენს პასუხისმგებლობის საერთაშორისო რეჟიმს და ითვალისწინებს გემებიდან საბუნკერო საწვავის გაჟონვით ან ჩაღვრით გამოწვეული დაბინძურების შედეგად წარმოშობილი ზარალის ადეკვატური, სწრაფი და ეფექტური კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფას იმ პირებისთვის, რომლებმაც განიცადეს ზარალი. კონვენციას 80-მდე სახელმწიფოა შეერთებული.
კონვენცია ქმნის ეფექტურ სისტემას, რაც წევრ სახელმწიფოს უქმნის გარანტიას, რომ აღნიშნული სახელმწიფოს საზღვაო სივრცეში მომხდარი ნავთობით დაბინძურების შემთხვევაში გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულება ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნება.
ზემოაღნიშნული კონვენციიდან გამომდინარე, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პირველი მოსმენით განიხილეს. კერძოდ, კონვენცია წევრ სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ზიანის ანაზღაურების სარჩელის განხილვის ნაწილში, განსაზღვრონ საკუთარი სასამართლოების იურისდიქცია. ირმა ქავთარაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მიერ სასამართლო იურისდიქციის განსაზღვრას და ასეთად საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას მიიჩნევს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა როგორც სარატიფიკაციო დოკუმენტს, ასევე კანონპროექტს პირველი მოსმენით.

















