საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბაურჟან მუხამედჯანოვმა რწმუნებათა
სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ყაზახეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერა.
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და გამოხატა მზაობა ელჩის რანგში ხელი შეუწყოს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ყაზახეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას და ყაზახეთის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

















