ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი
ბარამიძე რომში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ბარამიძე ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ზლატო ლაგუმჯიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა ასევე, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
მორიგი შეხვედრა გიორგი ბარამიძემ იტალიის მთავრობის სახლში იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრთან ენცო მოავეროსთან გამართა, ხოლო იტალიის სენატში ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ლამბერტო დინის შეხვდა.
იტალიურ მხარესთან ორმხრივ შეხვედრებზე ვიცე პრემიერმა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-იტალიის მოქმედებათა კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრებზე მხარეებმა ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზეც გამახვილდა ყურადღება. ამ მხრივ, ბარამიძემ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის საფუძველზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროება ხაზგასმით აღნიშნა. თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

















