არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ჩვენი უფლებებისთვის“ წევრი უფლებადამცველი ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ
სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.
კოალიციაში აცხადებენ, რომ მერაბ კაჭახიძის, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ არის.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან „ჩვენი უფლებებისთვის“ აცნობეს, დაკავებულთა წინააღმდეგ გამოძიებისა და ბრალდების ორგანოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი პირები უნდა გაათავისუფლოს, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა საქმის წარმოება შეწყვიტონ.
„მოვუწოდებთ უფლებადამცველებს და მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, არსებული მძიმე მდომარეობიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანაში არ დაწყებულა ტოტალური რეპრესიები, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და პრევენციის მექანიზმები შევიმუშაოთ“ - განაცხადეს არასამთავრობოთა კოალიციაში.
მათივე განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ რეპრესიები ტენდენციად იქცა, რაც ქვეყანაში პოლიტპატიმართა რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის.
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამ წევრს - მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. „ქართული ოცნების“ წევრებს ბრალად „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგება ედებათ.
სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს განახლდება.

















