საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ნამიჭეიშვილმა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, მხარეების თანამშრომლობის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად სოციალური საქმიანობის მხარდაჭერაა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება - სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და სემინარები, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ასოციაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევას ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, რაც მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

















