პენსიონერებს, რომლებიც ბანკში პენსიის ასაღებად პირველივე დღეს მიდიან, შესაძლოა, პენსია სახლებში მიუტანონ.
როგორც პრეზიდენტმა გლდანის
რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, ამ კატეგორიის პენსიონერებს ყველაზე მეტად უჭირთ და დახმარებაც ყველაზე მეტად, სწორედ მათ სჭირდებათ.
„უკვე გავეცი განკარგულება, რომ ის ხალხი, რომელიც პირველივე დღეს მიდის ბანკში პენსიის ასაღებად, აღვრიცხოთ და შემდეგი თვიდან მათ უმეტესობას სახლში მივუტანოთ პენსია. მას, ვინც პირველივე დღეს ცდილობს პენსიის მიღებას, ყველაზე მეტად სჭირდება ეს თანხა. ვიცი, ჯერ კიდევ რამდენად დიდი გაჭირვებაა საქართველოში“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა დაწესებულებას იუსტიციის სახლის მსგავსი სისტემა უნდა ჰქონდეს და საქართველოში ყველა სერვისი ისეთი უნდა იყოს, რომლითაც ინგლისის ლორდთა პალატა აღფრთოვანდება.

















