თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა.
კომისიის თავმჯდომარის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად, კომისიის შემადგენლობას დაემატა ორი წევრი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი.
უწყებათაშორისი კომისიის ინფორმაციით, გაფართოებასთან დაკავშირებით, კომისიამ პარტია „ახალი მემარჯვენეების“ რეკომენდაცია გაითვალისწინა.
„მემარჯვენეები“ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობის გაფართოვების და სხვა სამინისტროებთან ერთად მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლების შეყვანის შესახებ ინიციატივით 14 ივლისს, კომისიის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე გამოვიდნენ.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკურ პარტიებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

















