logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯონათან ჯანოგლიმ პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებს და ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა
ჯონათან ჯანოგლიმ პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებს და ქართველ ხალხს სიტყვით მიმართა
22:21 30.05.2018
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებს სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (APPG) ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლიმ.

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენგან მოწვევის მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად, ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის პარტიათაშორისი ჯგუფის თავმჯდომარის რანგში. დელეგაციასთან ერთად, საქართველოში პირველად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოვედი. გასულ წელს კი, ბრიტანეთმა თქვენს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა ლონდონში, რომელსაც სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობდა. ასე რომ, აშკარაა - ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა მყარია და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გამყარდება“, - განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ის მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ჩამოყალიბდა.

მისი განცხადებით, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში გრძელდება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში პირველ ბრიტანელ დიპლომატთან, სერ ოლივერ უორდროპთან და რომელიც უდიდესი ენთუზიაზმით იყო განმსჭვალული საქართველოს მიმართ.

„ასე რომ, დიდ ბრიტანეთს პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება. საქართველოსა და ბრიტანეთს გააჩნია ის საერთო ღირებულებები რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ეს არის: გამოხატვის, რწმენის, ადამიანის უფლებების, საკუთრების თავისუფლება, მინიმალური სახელმწიფო ჩარევა და კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის მხარდაჭერა. ისტორია გვკარნახობს, რომ ფასეულობათა ამ სისტემისკენ უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი ადამიანი. ისტორიამ ასევე, გვაჩვენა, რომ არაფერია გარდაუვალი ამ არჩევანთან დაკავშრებით. ქვეყნებს, ადამიანებს, ასევე, პოლიტიკოსებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი - დემოკრატია თუ ავტოკრატია, კეთილი თუ ბოროტი, რეპრესიები თუ თავისუფლება, წარსულისკენ ცქერა თუ მომავლის იმედი, კორუფცია თუ სამართალი. როდესაც დღევანდელ საქართველოს მაგალითს განვიხილავთ, აუცილებლად დავინახავთ იმ კონკრეტულ არჩევანს, რომელიც ქვეყანამ გააკეთა იმ ფუნდამენტალური ღირებულებების მიმართულებით - დასავლეთი და არა აღმოსავლეთი! შესაბამისად, დასავლეთმა უნდა აღიაროს და დააფასოს ის ფაქტი, რომ საქართველო იზიარებს ჩვენს ფასეულობებს და ამ ფასეულობების საფუძველზე ყალიბდება საზოგადოება, ინსტიტუციები და იქმნება კანონმდებლობა, და საქართველო ნამდვილად იგრძნობს თავს „სახლში“ ევროპულ ოჯახში და ისეთ დასავლურ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

„დემოკრატიული გზა ნათელი ბილიკია და იმის გათვალისწინებით, რასაც ვკითხულობ და მესმის, ნამდვილად არ არის ამის ნაკლებობა პოლიტიკურ დებატებში და აზრთა სხვადასხვაობაში საქართველოში. თავად ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ დებატების ჩატარება დემოკრატიულ, არაძალადობრივ კონტექსტში, მიუთითებს არა თქვენს სუსტ რწმენაზე დემოკრატიაში, არამედ გამოხატავს თქვენი რწმენის სიღრმესა და სიმყარეს“, - განაცხადა ბრიტანელმა სტუმარმა.

მისივე თქმით, საქართველომ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ნაბიჯები გადადგა 1991 წლის შემდეგ, რაც უდავოდ აღსანიშნავია.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, გამოსვლისას, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა აღნიშნა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით, პარლამენტის როლზე ისაუბრა.

„ნება მიბოძეთ, როგორც კანონმდებელმა, კანონმდებლებს მოგმართოთ და გითხრათ, - ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ სათანადოდ შევაფასოთ ის სერიოზული და მუდმივი პასუხისმგებლობა, რომ განვახორციელოთ აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა, შევისწავლოთ და გავაუმჯობესოთ მათი საქმიანობა შესაბამისი ქმედებებით. სტრატეგიული დაგეგმარება არ უკავშირდება მხოლოდ შესაძლებლობების გამოვლენას, იგი ასევე, გულისხმობს საკუთარი ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას საფრთხეებისაგან“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მან იმ საერთო გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ არჩევნებსა და ინსტიტუციებს. ბრიტანელმა დეპუტატმა ასეთად მოიხსენია პროპაგანდა, კომერციული და კიბერ ომები.

„ყველა ეს საკითხი უარყოფითი ფაქტორებია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის, მაგრამ ამ სფეროში, საქართველო ყოველთვის ახერხებდა თავის წარმოჩენას იმით, რომ იცავდა დასავლურ ღირებულებებს, შეჰქონდა საკუთარი სამხედრო წვლილი ნატოში, ავღანეთის მისიაში და ასევე, მხარს უჭერდა ბრიტანეთის დიპლომატიურ პასუხს იმის თაობაზე, რომ მიუღებელია ქიმიური ნივთიერებებისა და იარაღის გამოყენება ინგლისში. საქართველოს ყველა ეს ქმედება იყო მოკავშირისა და მეგობრის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რასაც ჩემი ქვეყანა ძალიან აფასებს და რის საპასუხოდაც გაერთიანებული სამეფო საქართველოში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს“, - განაცხადა ჯონათან ჯანოგლიმ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტზე საუბრისას სტუმარმა აღნიშნა, რომ სრულიად მიუღებელია, ის ფაქტი, რომ გარეშე ძალების მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 % და საქართველოს მიმართ დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისადმი მიყენებული ზიანი, ასევე ამ ტერიტორიებიდან დევნილთა გასაჭირი არ დარჩენილა შეუმჩნეველი გაერთიანებული სამეფოსათვის, რაც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს რუსეთთან ურთიერთობისას. ჩვენ შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა, რომ დიქტატორი უზომოდ ძლიერია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანმოკლე იქნება, რადგან საბოლოოდ დემოკრატია და საერთო ღირებულებები გაიმარჯვებს“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ჯონათან ჯანოგლიმ აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დელეგაციის მონაწილეობა იქნება დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი.
მან ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კომუნიკაცია მყარდება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ მრავალი შეხვედრა ჩავატარეთ ამ მშვენიერი და ლამაზი ისტორიის ქვეყანაში. არ უნდა დაგვავიწყდეს თქვენი საუკუნოვანი ღვინის წარმოების კულტურა და ისტორია. ჩვენ კიდევ მრავალი პერსპექტივა გვაქვს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მხრივ, რადგან საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი ფრენებიც ხორციელდება უკვე. მწამს, რომ არასდროს ყოფილა იმაზე უკეთესი შესაძლებლობა ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ სფეროში ჩვენი ურთიერთობისა ვიდრე დღეს არის. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მოწვევისათვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (APPG) ხელმძღვანელმა.

ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთის დელეგაცია საქართველოს 25 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შეხვედრები გამართეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ვიზიტის დასასრულს ქართველმა და ბრიტანელმა პარლამენტარებმა ერთობლივი კომუნიკემიიღეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა