საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე
ირინა ფრუიძე და საბჭოს წევრები, გიორგი კახიანი და ოთარ კახიძე მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ფორუმის - „თანამედროვე, პროფესიონალური და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნა“ მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა მაკედონიის, ყირგიზეთის, შრი-ლანკას, კოსოვოს პარლამენტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობის კუთხით არსებული მიღწევები გაუზიარეს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ფორუმზე ირინე ფრუიძემ არსებულ გამოწვევებზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორცილების პროცესზე ისაუბრა.
ქართველმა კანონმდებლებმა კითხვა-პასუხის ფორმატში ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სტრუქტურაზე, გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაზე. ასევე, ისაუბრეს თუ როგორ ხდება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საკანონმდებლო პროცესებში.
ფორუმი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 31 მაისამდე გასტანს.

















