საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბაქოში ვიზიტისას გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
პრეზიდენტმა მერაბიშვილს ახალი თანამდებობა მიულოცა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, განვითარების კარგ საშუალებას იძლევა.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მერაბიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს მერაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

















