რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საზეიმოდ გახნის საქართველოს ვიცე-პრემიერი,საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური მისიების საქმიანობის ამსახველი მასალები, პირველი რესპუბლიკის მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მინიჭებული ოფიციალური სიგელები.
დამთვარიელებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მნიშვნელოვანი პირების ბიოგრაფიები და ფოტოები. გამოფენის ერთი კუთხე დაეთმობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ციტატებს.
აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ქართული დიპლომატიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორისაა, საგარეო უწყებისა და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები, საჯარო ლექციები და ღია კარის დღეები.

















