საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი ამტკიცებს, რომ ქობულეთში არსებული პეტრას ციხე არ გაყიდულა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას კობა ხაბაზმა "ქრისტიან–დემოკრატებს" უპასუხა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე ოპოზიცია მგზნებარედ საუბრობს, მაგრამ მათ რეალური ინფორმაცია არა აქვთ.
კობა ხაბაზის თქმით, პეტრას ციხე არ გაყიდულა და ინვესტორთან მოლაპარაკებები მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. კომპანია მზადაა მის აღდგენასა და რეაბილიტაციაში ნახევარი მილიონი დოლარი ჩადოს.
"იქ არის ნანგრევები, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება და ის იქნება ერთ-ერთი უნიკალური და კარგი დასათვალიერებელი ტურისტული ცენტრი," – განაცხადა ხაბაზმა.
ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე პეტრას ციხე და მისი 3 200 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორს, სავარაუდოდ, 49-წლიანი იჯარით, სიმბოლურ თანხად – 1 ლარად გადაეცემა.

















