მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ტუდორ ულიანოვიჩის
განცხადებით, მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ.
ამის შესახებ ულიანოვიჩის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ“ - ნათქვამია ტუდორ ულიანოვიჩის წერილში.
ტუდორ ულიანოვიჩის თქმით, მოლდოვა უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება“ - ნათქვამია წერილში.

















