პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი
აფასებს და აცხადებს, რომ ურთიერთობები აშშ-ს ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღმავდება.
აღნიშნული შეფასება ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მინდა პარლამენტის პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება, სხვა საფეხურზე გადადის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში და კონკრეტულ ნაბიჯებში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დღეების განმავლობაში, ჰქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში, როგორც თეთრ სახლში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.
„გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. სახელმწიფო მდივანი სულ ცოტა ხანია ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა და ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ის შეხვდა, სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, რაც გამოხატულებაა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და მეგობრობის, რაც ჩვენს ორ ქვეყნას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით აშშ-ს მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს სამიტი გვიახლოვდება და შესაბამისად, ამერიკის მხარდაჭერა და მათი გზავნილები, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ და მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, ბუნებრივია გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ჩუგოშვილის განცხადებითვე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტშიც გამოიხატება.
„ასევე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც სულ უფრო აქტუალური ხდება, იზრდება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის მქონე მოვლენა იქნება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს დაფიქსირებული გზავნილები და ასევე, ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კიდევ უფრო გააქტიურდება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

















