საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის,
ზაზა გაბუნია დედაქალაქის მერის მიერ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ინიციატივებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მიესალმება.
გაბუნიას თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ ინიციატივა ეკოლოგიური ვითარების გაჯანსაღებისთვის აუცილებელია.
„დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ ინიციატივა არის სწორი და აუცილებლად გასავლელი გზა ეკოლოგიური ვითარების გაჯანსაღებისთვის. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ეფექტიანად უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებული ინიციატივების საკანონმდებლო სრულყოფას“- განაცხადა გაბუნიამ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან ერთად შეჯერდნენ, რომ პარლამენტს წარედგინება წინადადება, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილობრივი მიწოდების გათავისუფლების შესახებ.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე, კაპიტალურად მოწესრიგდა და თავდაპირველად გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები. ამის შემდეგ, გამოიცვალა 1500 კვადრატულ მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარეები, შეკეთდა შადრევნები და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და 1000 კვადრატულ მეტრზე გამოიცვლება ბალახი.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, შეიმუშავა თბილისის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოვლის სტანდარტული აგროტექნიკური ღონისძიებების გეგმა. აღნიშნული გეგმა ხე-მცენარეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის ცალ-ცალკე განსაზღვრავს მოვლის ღონისძიებების ტიპს, მათ ჯერადობას, განხორციელების პერიოდსა და ვადებს და მომავალში სწორედ მასზე დაყრდნობით განხორციელდება მოვლა-პატრონობის ღონისძიებები დედაქალაქი მწვანე ინფრასტრუქტურისა და არეალებისთვის.

















