რუსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს.
„კანონი და მისი დასახელება სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე, ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი პუტინის რეჟიმის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისკენ.
13 ივლისს რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ - სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

















