უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქიდან ქუთაისში ეტაპობრივად გადაინაცვლებს.
ამის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, საუბარი არ არის პარლამენტის შენობის მთლიანად დაცლაზე, არამედ, პარლამენტის გადასვლის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
გიგაურის განცხადებით, პროცესი არქივის, აპარატურისა და სხვა ტექნიკის გადატანით დაიწყება და ჯერჯერობით უცნობია ეს რა დროს მოითხოვს.
„პარლამენტის შენობა თუ ერთ თვეში დაიცლება, ერთ თვეში დავცლით, თუ პროცესი ოქტომბრამდე გაგრძელდება, ოქტომბრისთვის დავცლით. არავის განუსაზღვრავს შენობის ერთ თვეში დაცლის ვადა“ - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებს, მისი თქმით, აპარატის ხელმძღვანელობა ყველას სთავაზობს ქუთაისში გადასვლას, თუმცა, უმეტესობას ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამს.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან დღეს თათბირი გაიმართა და სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის ქუთაისში ეტაპობრივი გადასვლის საკითხიც განიხლებოდა.

















