ნიუ-იორკში,საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მიმართა.
მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანზე შეექმნათ დემოკრატიული და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო. „სწორედ 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს, დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც დაარსებისთანავე თავისი არსებობის მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და ევროპული მომავალი. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა პროგრესულ იდეებსა და ღირებულებებს. ასი წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს მაღალი ჰუმანიზმის სტანდარტები, რომლის მთავარი იდეოლოგია ეფუძნებოდა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ადამიანთა უფლებების დაცვას, ფუნდამენტური თავისუფლებას ყველასთვის, რასის, სქესის, ენისა და ან რელიგიის განურჩევლად, ასევე კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლებსა და სიკვდილით დასჯის აღმოფხვრას,“ -განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგა საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.
„1968 წელს, ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ ნიუ იორკში და იზეიმეს ღირსშესანიშნავი თარიღი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 50 წლის იუბილე. ჩემთვის პატივია, დღეს მოგმართოთ და მოგილოცოთ დამოუკიდებლობის 100 წელი. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უდიდეს პროგრესსა და წარმატებას მიაღწია.“- განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება და მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

















