მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარტიულ რეიტინგებში რამდენიმე პროცენტიან
ცვალებადობას მნიშვნელობა არა აქვს.
ამის შესახებ გაბაშვილმა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პარტიული რეიტინგების კველევების შეფასებისას აღნიშნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თებერვალში ჩატარებულ კვლევებთან შედარებით შემცირებულია.
„თვეების განმავლობაში რამდენიმე პროცენტიან ცვალებადობას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ტენდენციაა, რომ ჩვენ ბევრად მეტი ამომრჩეველი გვყავს, ვიდრე ჩვენს ოპონენტებს“ – აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაუწყია, თუმცა, იდეალური სასტარტო პირობები აქვს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36% არჩევნებში მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 18% – „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა.
NDI-ს პარტიების რეიტინგების მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის შედეგად, კი - „ნაციონალუი მოძრაობას“ გამოკითხულთა 47% უჭერდა მხარს, შესაბამისად, წინა კვლევასთან შედარებით, მმართველი გუნდის მაჩვენებელი 11%-ით დაბალია, ხოლო „ქართული ოცნების“ – 8%-ით გაზრდილია (10%).

















