„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ სამეწარმეო სფეროში გარკვეულ ქმედებებზე თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას
და მას ფინანსური სანქციებით შეცვლას ითხოვს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა გურამ ჩახვაძემ ისაუბრა და სამეწარმეო დანაშაულებებთან დაკავშირებული მუხლების ლიბერალიზაცია მოითხოვა.
მისი თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულმა მუხლებმა თავისუფალ ბიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენეს, რადგან თავისუფლების აღკვეთა და საკუთრების უფლების ჩამორთმევა ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
ედპ-ის პოზიციით, ფინანსური სანქციების ძირითადი ამოცანა არა ბიუჯეტის შევსება, საკუთრების ჩამორთმევა ან მეწარმის გაკოტრება, არამედ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოსწორება უნდა იყოს.
„ედპ მიიჩნევს, რომ საჭიროა გადაიხედოს სამეწარმეო დანაშაულებებს მიკუთვნებული მუხლები, მოხდეს მათი ლიბელარიზაცია, რაშიც აუცილებელია შეაბამისი სფეროს ექსპერტებისა და მეწარმეების ჩართვა. ეკონომიკურ დანაშაულებებთან დაკავშირებული მუხლები უნდა ემსახურებოდეს სამეწარმეო საქმიანობის დეკრიმინილიზაციას“- განცხადა ჩახვაძემ და დასძინა, რომ მომავალ პარლამენტში „ეროვნულ-დემოკრატების“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობა და ბიზნესის სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლება იქნება.

















