ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის
ფარგლებში ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს.
მისივე თქმით, საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და აშშ-ს მხარდაჭერას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში.
„მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით. სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარუძღვება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ჩენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან . ჩვენ აღვნიშნავთ საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორედ გაიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც ასევე გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და აშშ-ს მხარდაჭერას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში“- განაცხადა ბაქრაძემ.

















