საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს NDI-ს კვლევებში „ქრისტიან-დემოკრატების” დაბალი რეიტინგი არ მოსწონს.
როგორც წიკლაურმა NDI-ს პარტიების რეიტინგების კვლევების შეფასებისას აღნიშნა, მესამე ადგილზე გასულ „ქრისტიან-დემოკრატებს“ დაბალი რეიტინგი აქვს, რაც დემოკრატიისთვის კარგი არ არის.
„არამგონია, დემოკრატიული პროცესისთვის პოლარიზება კარგი იყოს, მაგრამ ეს არის ის, რასაც მოქალაქეები ამბობენ და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ამ კვლევებში ეჭვი შევიტანოთ“ - მიაჩნია უმრავლესობის წევრს.
მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია.
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის პარტიების რეიტინგების კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36%, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18% - „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, 2% კი - სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს.
გამოკითხვა 4-დან 22 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილება საქართველოს მასშტაბით 6 000 ადამიანზე მეტმა მიიღო.

















