ბათუმელების უმეტესობა ოპოზიციურადაა განწყობილი, რადგან ხელისუფლებამ მათთვის მიცემული არც ერთი დაპირება არ შეასრულა და მოსახლეობას
არც ახალი სამთავრობო პროგრამის განხორციელების სჯერა. ამის შესახებ საქართველოს „ევროპელი დემოკრატები“ ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ.
„ხალხის უმეტესობა კვლავ სიღარიბეს უჩივის. ადგილობრივების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მიმდინარე პროექტების ფარგლებში დასაქმება და ისიც დროებით. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ადგილობრივების მიგრაცია გრძელდება“ - აღნიშნავენ პარტიაში.
გარდა ამისა, ბათუმის მოსახლეობა წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მიმდინარე რეკონსტრუქციის ფარგლებში ქალაქის ისტორიულ შენობებს გაყიდვა და განადგურება ემუქრება. ამასთანავე, პარტიაში აცხადებენ, რომ ტურისტების ნაკადის ზრდა ბათუმელებზე დადებითად არ აისახება.
პარტიის ლიდერები დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

















