საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს იმედი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ
კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით, ორჯერ მეტს ხმას მიიღებს.
როგორც წიკლაურმა პარტიების რეიტინგების შესახებ NDI-ს კვლევის შეფასებისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს ახალ კვლევაში ძველთან შედარებით, მნიშვნელოვანი ვარდნა არ განუცდია და ის 2-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ რეიტინგს, რაც, მისი თქმით, ხელშესახებ შედეგებზე მიანიშნებს.
„ეს კვლევა ბიძინა ივანიშვილის მოლოდინების ფანტასმაგორიულობის დადასტურებად მიმაჩნია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კვლევა იმ პერიოდს შეეხო, როცა „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული აქტიურობა ჰქონდა, სამთავრობო გადაადგილებები კი, ჯერ არ იყო მომხდარი“ – აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატის თქმით, არჩევნებამდე მხოლოდ 3 თვეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი ისეთივე იქნება, როგორც კვლევაშია.
„ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საუბარი, რომ მომავალ პარლამენტში 2/3-ით მოვა, მხოლოდ ფანტასმაგორიაა. სერიოზული პოლიტიკური ძალებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასთან“ – მიაჩნია უმრავლესობის წევრს.
მისივე თქმით, მმართველი ძალა ოპოზიციისგან იმით განსხვადება, რომ ეს უკანასკნელი ერგნეთის ბაზრობის აღდგენას და ახალი კონტარბანდული შავი ხვრელის შექმნას გეგმავს და სჯერა, რომ პუტინი დემოკრატი ლიდერი გახდება.
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის პარტიების რეიტინგების კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36%, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18% - „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, 2% კი - სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასახელებს.
გამოკითხვა 4-დან 22 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილება საქართველოს მასშტაბით 6 000 ადამიანზე მეტმა მიიღო.

















