საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ნუგზარ წიკალურის შეფასებით, NDI-ს კვლევები სამთავრობო ცვლილებების შემდეგ რომ
ჩატარებულიყო, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა.
ამის შესახებ წიკლაურმა NDI –ს მიერ პარტიების რეიტინგის კვლევების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში გატარებული სამთავრობო ცვლილებები საზოგადოებამ პოზიტიურად აღიქვა.
„მთავრობის ცვლილება დინამიური ეპიზოდი იყო. ახალი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პროგრამა უფრო მიზნობრივი და აქცენტირებულია“ – მიიჩნევს წიკლაური.
ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის პარტიების რეიტინგების კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36%, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, 18% - „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.
გამოკითხვა 4–დან 22 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილება საქართველოს მასშტაბით 6 000 ადამიანზე მეტმა მიიღო.

















