პარტია „ქართულ დასსა“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის წინასაარჩევნო კონსულტაციები დასრულებულია და შედეგები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
როგორც დღეს „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოზიციები იმდენად დაახლოებულია და დიალოგი იმდენად წინ არის წასული, რომ შესაძლოა, საარჩევნოდ ერთიან ფრონტად გამოსვლაზეც გაკეთდეს განცხადება.
„ჩვენ თანამშრომლობაში დარწმუნებული ვართ. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მეტი სიახლე გველის“ - განაცხადა ბაღათურიამ.
„რესპუბლიკელებთან“ უთანხმოების შესახებ ინფორმაციაზე ბაღათურიამ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, „რესბუბლიკელებსა“ და „ქართულ დასს“ განსხვავებული ცნობიერება და განსხვავებული შეხედულება აქვს, თუმცა, საერთოა სამშობლო, რომელიც ბაღათურიას თქმით, შესაძლოა, „დავკარგოთ თუ ეს ბანდა დარჩა ხელისუფლებაში“.
„მე არავის ვუპირისპირდები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საარჩევნო სიებში არანაირ კვოტებზე და ადგილებზე „ქართული დასი“ ვაჭრობას არ აპირებს და არც ახორციელებს. უახლოეს დღეებში, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული“ - განაცხადა ბაღაურიამ და აღნიშნა, რომ თუ დღეს ვინმე კიდევ აგრძელებს დავას ამ საკითხზე, ეს შეცდომაა.

















