საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება
ახალგაზრდობასთან საუბრისგან თავს არ იკავებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს.
ამის შესახებ პრემიერმა 12-13 მაისის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო გაიმართა.
„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალლდამცავები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"-განაცხადა პრემიერმა.

















