პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ უცხოელ და ადგილობრივ
ექსპერტებთან გამართა შეხვედრა თემაზე: „ორგანიზებულ დანაშაულთან სამართლებრივი ბრძოლის თანამედროვე მექანიზმები“.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.
„თანამედროვე სამყაროსთვის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები სერიოზული გამოწვევა. ყველა წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს კანონმდებლობაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ არც საქართველოს მაგალითია გამონაკლისი. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ კუთხით. კერძოდ, შემოთავაზებულია ერთგვარი გამკაცრებული მიდგომები არა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, არამედ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი ნიშნების დაზუსტების მიმართულებით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ და მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კოორდინატორმა, სამართლის დოქტორმა ელიკო წიკლაურმა-ლამიჰმა მიმართეს.
„ყოველგვარი ორგანიზებული ძალა ძალიან ძნელი დასამარცხებელია. რაც უფრო ორგანიზებულია დანაშაულებრივი ძალა, მით უფრო ორგანიზებული ბრძოლაა მასთან საჭირო, რაც ძალიან დიდი ძალისხმევას და კვალიფიკაციას მოითხოვს. საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შესწავლილი და მოწესრიგებულია საკანონმდებლო წესით, თუმცა ეს საკითხი, პერიოდულად, მაინც აქტუალური ხდება. ჩვენ ამ თემას უნდა შევებრძოლოთ ახალი შესაძლებლობებით“,-განაცხადა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა ეხება პრობლემას, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი და რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა რთულია. საქართველოს ამ მხრივ მთელი რიგი წარმატებები აქვს და ჩანს, რომ ქვეყანას აქვს მზადყოფნა გააგრძელოს მუშაობა ამ პრობლემებზე“,- განაცხადა მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კოორდინატორმა, სამართლის დოქტორმა ელიკო წიკლაურმა-ლამიჰმა.
ორგანიზებულ დანაშაულთან სამართლებრივი ბრძოლის თანამედროვე მექანიზმებზე, ევროპის ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, ისაუბრა მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, ჰანს იორგ ალბრეხტმა.
მან თავის პრეზენტაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზებული დანაშაული წარმოშობის მიზეზებზე, სამართლებრივი რეგულაციების ალტერნატულ მექანიზმებზე და შესაბამის საერთაშორისო კონვენციებზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სტამბულის უნივერსიტეტის ლექტორმა სელმან დარსუნმა და ბაქოს უნივერსიტეტის იურიდიული კათედრის გამგემ კამილ სალიმოვმა.

















