პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს.
ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან და მსგავს ორგანიზაციებთან დაკავშირებით, კოალიციას საკუთარი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია.
„NDI-ს კვლევებში რა წერია არ ვიცი, მაგრამ პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობით. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ინდიკატორი საზოგადოების განწყობაა და არა NDI-ს მიერ მოყვანილი ციფრები“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, რამდენად დიდია ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა ეს ქუთაისში, თბილისში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში ჩატარებულმა აქციებმა აჩვენა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგების NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ხოლო 18% - „ქართულ ოცნებას“.
კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა და მთელ საქართველოში 6 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

















