ფინეთის ქალაქ ტურკუს მუნიციპალიტეტის შენობაში მიღება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს და ფინეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლებს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ქართულ-ფინური ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. ასევე, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგების თაობაზე.
ღონისძიების ფარგლებში საელჩოს უფროსმა მრჩეველმა უჩა გაბეჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ქართული ღვინის ტრადიციებსა და საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების შესახებ, ხოლო ჰელსინკის მერიის წარმომადგენელმა ჰანნუ ჰუტტინენმა, რომელიც ასევე ფინეთში ქართული საბალეტო დასის გასტროლების ორგანიზატორია, ისაუბრა ფინეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო და ტურკუს მუნიციპალიტეტი ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

















