ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის
დღეების ფარგლებში, პროექტ „ევროპული ახალგაზრდობის“ მონაწილე სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
„ევროპული ახალგაზრდობა“ პროექტის ფარგლებში, თბილისიდან და რეგიონული უნივერსიტეტებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის მოეწყობა ორდღიანი სემინარი, რომლის მთავარი თემაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებიდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია იქნება. სემინარის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და სხვადასხვა ექსპერტებს შეხვდებიან.
ევროპის დღეების მიზანს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა გაზრდა წარმოადგენს. „ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.
10 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მასალები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საქართველოს დიპლომატიური კორპუსში მოღვაწე პირების, საქართველოს პირველი ელჩების და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე უცხოელი პოლიტიკოსების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორისაა საგარეო უწყების და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები.
აღნიშნული ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.

















